2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 9 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულად ჩატარდება.
წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლეს. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ონლაინ ფორმატით ტარდება. ბმული და ასევე დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.naec.ge ოლიმპიადის ჩატარების დღეს გამოქვეყნდება.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ტარდება შემდეგ საგნებში:
9 დეკემბერს:
- ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
- ქართულში, როგორც მეორე ენაში (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის);
- ფრანგულ ენაში.
10 დეკემბერს:
- ისტორიაში;
- ქიმიაში.
11 დეკემბერს:
- ინგლისურ ენაში;
- გერმანულ ენაში.
12 დეკემბერს:
- მათემატიკაში;
- ბიოლოგიაში.
13 დეკემბერს:
- გეოგრაფიაში;
- ფიზიკაში;
- რუსულ ენაში.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება და მასში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს და, ამასთან ერთად მოხვდება შესაბამისი საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. მესამე ტურში გადასასვლელად მოსწავლემ 50%-იანი ზღვარი უნდა დაძლიოს და საუკეთესო შედეგების მქონე 50 მონაწილეს შორის უნდა მოხვდეს. გამარჯვებისათვის კი დასკვნით ტურში ტესტის მაქსიმალური ქულის მინიმუმ 60%-ის მიღება და ათეულში მოხვედრაა საჭირო. ოლიმპიადის მთავარი მიზანი სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებისათვის მოტივაციის ამაღლებაა.