სიახლეები

          • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 9 -14 იანვარს ჩატარდება

          • 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 9 იანვრის 10:00 საათზე დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება. დეტალები მითითებულია მოსაწვევზე, რომლის ამობეჭდვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დღეიდან შეძლებენ ამ ბმულის გამოყენებით: https://online1.naec.ge/olimp/Login.aspx 

            მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ  I სესიაზე რეგისტრაცია დაიწყება 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება  - 10:00 საათზე. II სესიაზე რეგისტრაცია  - 14:30 საათზე, ტესტირება კი 15:00 საათზე დაიწყება. დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომლისთვისაც მოსწავლემ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას. 

            მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პასპორტი, დაბადების მოწმობა ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს ტესტირებამდე რეგისტრაციის გავლისას.

            ტესტირება ჩატარდება: 

             9 იანვარს:

            10:00 საათზე - ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ქართულ ენაში არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის;

            15:00 საათზე - ისტორიაში; 

             11 იანვარს:

            10:00 საათზე - მათემატიკაში;

            15:00 საათზე - ინგლისურ ენაში; 

             12 იანვარს:

            10:00 საათზე - ფიზიკაში;

            15:00 საათზე - გეოგრაფიაში; 

             13 იანვარს:

            10:00 საათზე - ქიმიაში;

            15:00 საათზე - გერმანულ ენაში;  

             14 იანვარს:

            10:00 საათზე - ბიოლოგიაში;

            12:30 საათზე - რუსულ ენაში (რეგისტრაცია დაიწყება 12:00 საათზე);

            15:00 საათზე - ფრანგულ ენაში.  

          • ხელსაქმის წრე

          • სკოლა-გიმნაზიაში წარმატებით ფუნქციონირებს ხელსაქმის წრე „მარჯვე ხელები“, ამჟამად მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო. ბავშვების მიერ შესრულებული, ალმასებით ქარგვის ტექნოლოგით შექმნილი, მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები.

            თითოეული ნამუშევარი გამოირჩევა სიზუსტით, ესთეტიკური გემოვნებითა და შემოქმედებითი მიდგომით, რაც ნათლად ასახავს მოსწავლეთა შრომისმოყვარეობასა და მხატვრულ უნარებს.

            წრის ხელმძღვანელი, ნინო ვერულიძე, მიზანმიმართულად უწყობს ხელს მოსწავლეებში ხელსაქმისადმი ინტერესის გაღვივებას, წვრილი მოტორიკის, მოთმინებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ წრის საქმიანობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება და დაგეგმილია ხელსაქმის სხვადასხვა მიმართულების შესწავლა, მათ შორის ქსოვა, ქარგვა, ძერწვა და სხვა ტექნიკები, რაც მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარების შესაძლებლობას მისცემს და მათ შემოქმედებით პოტენციალს კიდევ უფრო გაამდიდრებს!

          • სასკოლო ღონისძიება "შობის ანგელოზები"

          • 1977 წლის, 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII საეკლესიო კრებამ, 45 დელეგატის არჩევანით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 141-ე საჭეთმპყრობლად ერთხმად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი

            ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს აღსაყდრებიდან 48 წლისთავს.

            შევთხოვოთ ღმერთს, რომ წარგვიძღვეს წინ... რომ ქართული ეკლესიების ზარების რეკვა წინანდებურად ომისა და უბედურების მაცნე კი არ ყოფილიყოს ჩვენი ერისთვის, არამედ სარწმუნოების, სასოების, სიყვარულის, შრომისა და სიკეთის ზეიმისა“, -

            ამ დღესთან დაკავშირებით სკოლა- გიმნაზიაში გაიმართა სასკოლო ღონისძიება "შობის ანგელოზები”

            ზღვა ემოცია და დაუვიწყარი წუთები გვაჩუქა ჩვენმა აღსაზრდელებმა, მადლობა

            ჩვენო პატარებო, გვიყვარხართ და გვეამაყებით

            თუ საქართველო წმინდა ჯვარია, -

            ნატრობ, -სამოთხის კართან იყოსო...

            თქვენი სიცოცხლე ერს უხარია,

            მრავალჟამიერ, კათალიკოსო!

          • ტვინების ბრძოლა - ფინალი

          • 21 დეკემბერს "ტვინების ბრძოლის" ფინალური ტური გაიმართა, რომელშიც ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის სამი გუნდი მონაწილეობდა:

            "მწიგნობარი" (Vა კლასი, დამრიგებელი: თამარ ბარბაქაძე),

            "ათენა" (VIIIა კლასი, დამრიგებელი: სოფიო რომანაძე),

            "სიბრძნის ქარავანი" (XIა კლასი, დამრიგებელი: ზამირა მახარაძე),

            ფინალამდე გუნდებმა სასკოლო, საქალაქო და სარაიონო ტურები  წარმატებით გადალახეს და 3590 გუნდიდან საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეთა შორის ღირსეულად იასპარეზეს!

            სასკოლო საზოგადოების სახელით ვულოცავთ და მადლობას ვუხდით გუნდებს! 

            ფინლურ ტურში მონაწილე გუნდები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და ზამთრის ბანაკის ვაუჩერებით!

             

          • საშობაო იგავი

          • მესამე კლასში ბავშვებმა უყურეს ანიმაციურ ფილმს “საშობაო იგავი”. იგავმა მათ გააცნო სიკეთის, სიყვარულისა და ერთმანეთის დახმარების მნიშვნელობა. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით უყურეს და ემოციებით სავსე შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს. ასეთი გაკვეთილები ბავშვებს ადამიანურ ღირებულებებს ასწავლის და მათ გულებში სითბოსა და სიხარულს თესავს.

          • რუსული ენა - VIა და VIბ კლასი

          • კლასი: VIა და VIბ

            დამრიგებლები: ნაირა ვასაძე და სოფიო მჟავანაძე

            საგანი: რუსული ენა

            მასწავლებელი: მერი ოქროპირიძე

            პროექტის თემა: "წერილი თოვლის ბაბუას"

            მეექვსე კლასში საინტერესო და სასიამოვნო გაკვეთილი გვქონდა. თოვლის ბაბუას წერილები დავწერეთ, სადაც ჩვენი სურვილები, ოცნებები და ახალი წლის მოლოდინი გამოვხატეთ. ეს აქტივობა ძალიან მოეწონათ ბავშვებს, რადგან ფანტაზიის გამოყენება, წერითი უნარების განვითარება და პოზიტიური ემოციების გაზიარება შევძელეს. გაკვეთილმა საახალწლო განწყობა შეუქმნა და ყველას კარგი ხასიათი დაუტოვა .

          • გილოცავთ ნიკოლოზობას!

          • მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ნიკოლოზობას!

            ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

            კონდაკი: მირონთ გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახარებაჲ აღასრულე და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან; ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.

          • შემოქმედებითი გამოფენა - ჩვენი საშობაო ფერები

          •  ქობულეთის მუზეუმში, გაიხსნა ბავშვთა შემოქმედებითი გამოფენა „#ჩვენი_საშობაო_ფერები“.

            გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა სტუდია–სახელოსნო #ARTrom-ის მოსწავლეების 52 ნამუშევარი, რომლებიც ასახავს ბავშვურ ხედვას, ფერთა მრავალფეროვნებასა და წინასაახალწლო განწყობას.

            გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს სკოლა- გიმნაზიის მოსწავლეებმაც!

            მრავალ ბარბარობას დაგასწროთ უფალმა!

          • რუსული ენა - IXა და IXბ კლასი

          • კლასი:IXა და IXბ

            საგანი: რუსული ენა

            მასწავლებელი: მერი ოქროპირიძე

            პროექტის თემა: "ალექსანდრე გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია"

          • რაიონული პირველობა ჭადრაკში

          • ა(ა)იპ ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის, თენგის ხალვაშის სახელობის ღია რაიონულ ჭადრაკის ტურნირში 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს!

            გილოცავთ გიმნაზიელებო!

          • საერთაშორისო კონკურსი მენტალურ არითმეტიკაში

          • საქართველომ 6–7 დეკემბერს უმასპინძლა UCMAS-ის საერთაშორისო შეჯიბრებას და მსოფლიო თასს 2025, რომელიც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ • Georgian National University SEU-ში გაიმართა.

            UCMAS-ის საერთაშორისო კონკურსი და მსოფლიო თასი 2025 წელს კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო მოვლენად იქცა.

            მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო შეჯიბრმა გააერთიანა 84-ზე მეტი ქვეყნის 1,500-მდე მოსწავლე და 4,000-ზე მეტი სტუმარი — მათ შორის პედაგოგები და განათლების მიმართულებით ოფიციალური პირები მთელი მსოფლიოდან.

            ამ კონკურსის მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა ჩვენი გიმნაზიის VII ა კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ხადური!

            ეს ღონისძიება იყო არა მხოლოდ კონკურსი, არამედ კოგნიტიური ბრწყინვალების, საერთაშორისო ერთობისა და ახალგაზრდების უსაზღვრო შესაძლებლობების ზეიმი.

            ვულოცავთ ნიკოლოზს ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ უფრო დიდ წარმატებებს!

          • I ადგილი - მათე მახარაძე

          • საქართველოს ჩემპიონატი კიოკუშინკაი კარატეში ბავშვთა და მოზარდთა შორის, -40 კგ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა სკოლა- გიმნაზიის lll კლასის მოსწავლემ მათე მახარაძემ.

            ვულოცავთ პატარა გიმნაზიელს ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში!

          • საახალწლო სამზადისი Iა კლასში

          • გიმნაზიაში საახალწლო სამზადისი განსაკუთრებული სიხარულით მიმდინარეობს.

            lა კლასში უკვე იგრძნობა ახალი წლის ჯადოსნური განწყობა. დამრიგებლის, მაიკო ყულეჯიშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან დღესასწაულისთვის. ისინი ერთად ალამაზებენ საკლასო ოთახს, ამზადებენ ფერად დეკორაციებს, საახალწლო ნახატებსა და ხელნაკეთ ნამუშევრებს. თითოეული ბავშვი სიხარულით და სიყვარულით ერთვება ამ პროცესში, რაც კლასში თბილ და მეგობრულ გარემოს ქმნის. საახალწლო სამზადისი ბავშვებისთვის არა მხოლოდ დღესასწაულის მოლოდინია, არამედ ურთიერთგაგების, ერთობისა და სიხარულის ლამაზი მაგალითი.

          • ისტ - VIა და VIბ კლასი

          • ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება მოზარდებში

            ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე ინტერნეტი მოზარდების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მათი ცნობიერების ამაღლება ონლაინ სივრცეში უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი ქცევის შესახებ.

            ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა საგანმანათლებლო აქტივობა VI ა და VI ბ კლასებში, მასწავლებელი თეონა გოგიტიძე.

            შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ინტერნეტთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეების გაცნობა, უსაფრთხო გამოყენების წესების განმარტება და კრიტიკული აზროვნების განვითარება ციფრულ გარემოში.

            აქტივობის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა პირადი მონაცემების დაცვა, კიბერბულინგის პრევენცია, საეჭვო ვებგვერდებისა და კონტენტის ამოცნობა, ასევე სოციალური ქსელების პასუხისმგებლიანი გამოყენება. მოსწავლეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები, თუ როგორ მოიქცნენ საფრთხის შემცველ სიტუაციებში და ვის მიმართონ დახმარებისთვის.

            დისკუსიებისა და მაგალითებზე დაფუძნებული მსჯელობის შედეგად, მოსწავლეებმა გამოავლინეს მაღალი ჩართულობა და ინტერესის დონე. მათ გააცნობიერეს, რომ ინტერნეტი, მიუხედავად მრავალფეროვანი შესაძლებლობებისა, საჭიროებს სიფრთხილეს, თვითკონტროლსა და ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს.

            აღნიშნული აქტივობა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მოზარდებში ციფრული კულტურისა და უსაფრთხოების უნარების ფორმირებისკენ და ხელს შეუწყობს მათ დაცულ და შეგნებულ ჩართულობას თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში.

          • შიდა სასკოლო ტურნირი ჭადრაკში

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიში

            ჩატარდა შიდა სასკოლო ტურნირი ჭადრაკში 8, 10, 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, გამარჯვებული მოსწავლეები იასპარეზებენ სარაიონო პირველობაზე.

            წარმატებები!

          • კლასის საათი - IIგ კლასი

          • სკოლა-გიმნაზიის II გ კლასში გაიმართა თემატური კლასის საათი სახელწოდებით „გზა სკოლა-გიმნაზიის კედლებიდან სხვადასხვა მიზნებისაკენ“, რომელსაც ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი, ნათია ღაღაიშვილი.

            შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო მოსწავლეთათვის მომავალზე ორიენტირებული აზროვნების წახალისება, პირადი მიზნების დაგეგმვისა და პასუხისმგებლიანი არჩევანის მნიშვნელობის გააზრება.

            დამრიგებლის მიერ წარმოდგენილი მასალა გამოირჩეოდა საინფორმაციო სიღრმითა და ინტერაქციული მიდგომებით, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევდა აქტიურად ჩართულიყვნენ მსჯელობასა და საკუთარი ინტერესების გაანალიზებაში.

            ღონისძიებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოზარდების თვითშემეცნებისა და მოტივაციის გაღრმავებაში, რაც შემდგომ აკადემიურ და პიროვნულ განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

          • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური - საბოლოო შედეგები

          • 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ამა თუ იმ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის (ან მისი ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათასე ადგილზე მყოფის ქულას).

            გვინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ ამ რთული ბარიერის დაძლევა და მეორე ტურში გადასვლა შეძლეს ჩვენი სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა:

            ანთაძე ინა (XI კლასი) - მათემატიკა

            ბოლქვაძე თათია (XII კლასი) - ქიმია

            ბოლქვაძე თათია (XII კლასი) - ისტორია

            ბოლქვაძე თათია (XII კლასი) - რუსული ენა

            კუჭუხიძე ნიკოლოზ (XIკლასი) - რუსული ენა

            კუჭუხიძე ნიკოლოზ (XI კლასი) - მათემატიკა

            მართალიშვილი ელენე (XII კლასი) - ქართული ენა და ლიტერატურა

            მართალიშვილი ელენე (XII კლასი) - ისტორია

            შავიშვილი ნინო (XI კლასი) - ფიზიკა

            ვულოცავთ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს, ვუსურვებთ მომდევნო ტურის გამოწვევებიც ასეთივე წარმატებით გადაელახოთ!

          • მოძღვრის საათი

          • „მოციქულთა მოღვაწეობა საქართველოში“

            დეკემბრის თვეში სკოლა- გიმნაზიაში ჩატარდა დაგეგმილი “მოძღვრის საათი”, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის მოძღვრები, დირექციის წამომადგენლები , პედაგოგები და მაღალი საფეხურის მოსწავლეები. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა განიხილეს ქრისტიანობის ადრეული გავრცელება საქართველოში და ის ისტორიული პროცესები, რომლებიც მოციქულთა მისიონერულ საქმიანობას უკავშირდება.

            საეკლესიო გადმოცემით, საქართველოს მიწაზე პირველ საუკუნეში მოვიდნენ და ქრისტიანობის ქადაგება დაიწყეს წმინდა ანდრია პირველწოდებულმა, წმინდა სიმონ კანანელმა და წმინდა მატათა მოციქულმა.

            მოციქულების მოღვაწეობამ საფუძველი ჩაუყარა ქრისტიანული სწავლების გავრცელებას დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში, შექმნა სარწმუნოებრივი კერები და მოამზადა ნიადაგი საქართველოს შემდგომი გაქრისტიანებისთვის.

            მოსწავლეებმა იმსჯელეს იმაზეც, რომ მოციქულთა მისიონერული საქმიანობა მხოლოდ რელიგიური მოვლენა არ იყო; მან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის ჩამოყალიბებას. სწორედ ამ პროცესებმა დაუდო საფუძველი იმას, რომ IV საუკუნეში ქრისტიანობა ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

            მოძღვრის საათმა საშუალება მისცა მოსწავლეებს უფრო ღრმად გაეაზრებინათ საქართველოს სულიერი ისტორიის საწყისი ეტაპები და მნიშვნელობა, რომელიც მოციქულთა ქადაგებას ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრივ განვითარებაში აქვს.

          • რაიონული სპორტული ოლიმპიადა - I ადგილი

          • სიხარულით გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ 2025- 26სასწ. წლის სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარებულ რაიონულ პირველობაზე მონაწილე სკოლებს შორის პირველი ადგილი დაიკავა

            გილოცავთ ყველას ამ დიდ მიღწევას!

            ჩვენი გამარჯვებების გზა გრძელდება!