სიახლეები

          • IIIგ კლასი - დამრიგებელი ირმა ოქროპირიძე

          • კლასი: მე-3 გ

            დამრიგებელი: ირმა ოქროპირიძე

            საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            მას შემდეგ, რაც მესამე კლასელებმა კლასგარეშე კითხვის ფარგლებში ინტერესით წაიკითხეს „პეპი გრძელწინდა“ და შეიყვარეს მისი თავგადასავლები, მათ გადაწყვიტეს საყვარელი გმირი სცენაზეც ენახათ. სწორედ ამიტომ დაესწრნენ ამავე სახელწოდების სპექტაკლს, რომელმაც ბავშვებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

            სცენაზე მათ იხილეს ცელქი, უშიშარი და საოცრად მხიარული გოგონა, რომელსაც აქამდე მხოლოდ წიგნის ფურცლებზე ხვდებოდნენ. ცოცხალმა თამაშმა, ფერადმა დეკორაციებმა და მხიარულმა ეპიზოდებმა პერსონაჟი კიდევ უფრო ახლობელი და რეალური გახადა.

            მოსწავლეებმა ინტერესით გაავლეს პარალელები ნაწარმოებსა და სპექტაკლს შორის, იმსჯელეს მსგავსებებსა და განსხვავებებზე და კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდნენ პერსონაჟების ხასიათებსა და ამბის მთავარ იდეებს.

            ეს დღე ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა — წიგნიდან დაწყებული მოგზაურობა თეატრის სცენაზე გაგრძელდა, ხოლო ბავშვები ახალი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით დაბრუნდნენ სკოლაში.

          • IIა კლასი - წიგნის ხმამაღლა კითხვის დღე

          • წიგნის ხმამაღლა კითხვის საერთაშორისო დღე ჩვენს სკოლა-გიმნაზიაში

            მასწავლებელი სოფიო ოქროპირიძე

            წიგნის ხმამაღლა კითხვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად , ჩვენი სკოლა-გიმნაზიის მეორე ა კლასის მოსწავლეებმა განსაკუთრებული, თბილი და შემეცნებითი აქტივობა მოაწყვეს. მოსწავლეები ერთმანეთს აცნობდნენ თავიანთ საყვარელ წიგნებს, ხმამაღლა კითხულობდნენ საინტერესო ამონარიდებს და ამავე დროს ერთობლივად განიხილავდნენ ლიტერატურულ პერსონაჟებსა და ისტორიებს.

            აქტივობის მიზანი იყო წიგნის სიყვარულის გაღვივება , კითხვის უნარების განვითარება და იმის შეგრძნება, რომ წიგნი საუკეთესო მეგობარია . ეს დღე სავსე იყო ბავშვური სიცილით , ინტერესით და ცოდნის მიღების სურვილით.

            ვამაყობთ ჩვენი პატარა მკითხველებით ,რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ კითხვა არის ცოდნის , წარმოსახვის და წარმატებისკენ მიმავალი ყველაზე ლამაზი გზა.

          • ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას

          • სკოლა-გიმნაზიის წარმატება ინტელექტუალურ თამაშში “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”

            ყოველწლიურად, პატრიარქის კურთხევით, იმართება ინტელექტუალური თამაში “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”, რომელშიც წარმატებით იასპარეზეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა.

            გიმნაზიის წარმომადგენელმა გუნდმა, მასწავლებელი ანნა გორგასლიძე, ღირსეულად შეასრულეს დაკისრებული დავალებები და ღირსეულ მეტოქეებთან – ჩოხატაურის გიმნაზიის მოსწავლეებთან – მეორე ადგილი დაიკავეს.

            მოსწავლეები გააგრძელებენ მონაწილეობას კონკურსის მომდევნო ეტაპზე, სადაც კვლავ წარმოაჩენენ საკუთარ ცოდნას, შემართებასა და თანაგუნდურ სულიერებას.

            ჩვენი სკოლა გულწრფელად ულოცავს გუნდს წარმატებულ გამოსვლას და უსურვებს მოსწავლეებს მომავალ ეტაპზე საუკეთესო შედეგებს.

          • ლიტერატურული ვიქტორინა - II კლასი

          • მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მეორე კლასელთათვის ჩატარდა ლიტერატურული ვიქტორინა კარლო კოლოდის უკვდავი ნაწარმოების — „პინოქიოს თავგადასავალი“ — მიხედვით.

            ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს II ა, ბ და გ კლასების მოსწავლეებმა, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ წიგნი, თამაში და სწავლა ერთად ნამდვილ სიხარულად შეიძლება იქცეს.

            ვიქტორინა გამოირჩეოდა საინტერესო, მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობებით, რომლებმაც სამივე კლასის მოსწავლეები გააერთიანა საერთო მიზნის ირგვლივ. ბავშვები დიდი მონდომებითა და სიხარულით ჩაერთნენ თითოეულ დავალებაში, გამოავლინეს ლიტერატურული ცოდნა, სისწრაფე, დაკვირვების უნარი და რაც ყველაზე მთავარია — გუნდური მუშაობის შესანიშნავი მაგალითი აჩვენეს.

            ღონისძიებას განსაკუთრებული სითბო და ხალისი შემატა მშობელთა ჩართულობამ. მათთან ერთად თამაში, მხარდაჭერა და გულშემატკივრობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სწავლა და სიხარული ასაკს არ სცნობს და რომ სკოლა არის სივრცე, სადაც ბავშვები, მშობლები და პედაგოგები ერთ დიდ, მეგობრულ ოჯახად ერთიანდებიან.

            ვიქტორინის დასასრულს მონაწილეები ჟიურიმ შეაფასა და ყველა გუნდი სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა. თუმცა, ამ დღის მთავარი გამარჯვებული მაინც მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და ერთობა იყო — ის ღირებულებები, რომლებიც ასეთი ღონისძიებების დროს ბუნებრივად ყალიბდება.

            დიდი მადლობა თითოეულ მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისთვის, მშობლებს — გულწრფელი ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის, და ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს დღე სითბოთი, ღიმილითა და დადებითი ემოციებით სავსე, დაუვიწყარ მოგონებად აქცია.

            დამრიგებლები:

            სოფიო ოქროპირიძე

            ირმა ბებია

            ნათია ღაღაიშვილი

          • ალილო

          • “ისევ გადაიშალა ჟამთა ბრუნვის ერთი ფურცელი, ისევ ინათა ვარსკვლავმა ბეთლემის თავზე და მოვიდა დიდებული დღე ქრისტეს შობისა. ანგელოზთა გუნდნი ისევ მოჰფენენ ნაცნობ ჰანგებს ცასა და ქვეყანას: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება...”

            ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზია გოლოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

          • IIგ კლასი - ხელმძღვანელი ნათია ღაღაიშვილი

          • ძვირფასო მასწავლებლებო, მშობლებო და მეგობრებო,

            მეორე კლასელები გულით გილოცავთ დამდეგ შობასა და ახალ წელს!

            გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერ დღეებს და ბევრ ღიმილს.

            ახალი წელი ყოფილიყოს წარმატებებით, სიყვარულით და კეთილი ამბებით სავსე.

            ჩვენ გპირდებით, რომ ახალ წელსაც მონდომებით ვისწავლით და კიდევ უფრო გავიზრდებით!

            სიყვარულით,

            II გ კლასელები

            დამრიგებელი : ნათია ღაღაიშვილი