არაფორმალური განათლება — ისტორიის, რწმენისა და სამშობლოს სიყვარულის გზაზე
კლასი: III ბ
კლასის ხელმძღვანელი: ირმა ბებია
თემა: „სამშობლოს სიყვარული“
არსებობს გაკვეთილები, რომელთა მნიშვნელობასაც საკლასო ოთახის კედლები ვერ იტევს. ეს არის გამოცდილება, რომელიც ცოდნას პირად განცდად აქცევს, ისტორიას აცოცხლებს და ბავშვთა გულებში სამშობლოს სიყვარულს კიდევ უფრო აღრმავებს.
სწორედ ასეთი აღმოჩნდა III ბ კლასის საგანმანათლებლო მოგზაურობა, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიული წარსულის, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული თვითმყოფადობის გააზრება იყო.
ლიტერატურული ნაწარმოებებითა და ციხე-კოშკებზე მოთხრობილი ამბებით შთაგონებული მოგზაურობა ნამდვილ შემეცნებით თავგადასავლად იქცა. თითოეულმა მონახულებულმა ადგილმა მოსწავლეებს ახალი საფიქრალი გაუჩინა და კიდევ ერთხელ დაანახვა, რომ სამშობლოს სიყვარული მისი ისტორიის ცოდნით, ფესვების პატივისცემითა და ეროვნული ღირებულებების დაცვით იწყება.
სარფში, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან, მოსწავლეებმა ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ბედზე, საქართველოს საზღვრებს მიღმა დარჩენილ ქართულ მიწებსა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტაო-კლარჯეთს, ფერეიდნელ ქართველებსა და საინგილოს — ქართული ისტორიისა და კულტურის იმ მნიშვნელოვან კერებს, რომელთა ხსოვნა ჩვენი ეროვნული ცნობიერების განუყოფელი ნაწილია.
ამ საუბარმა ბავშვებში კიდევ უფრო გააღრმავა ინტერესი ისტორიული საქართველოს მიმართ და გულწრფელი სურვილი გაუჩინა, ერთ დღეს თავად მოინახულონ ტაო-კლარჯეთი და საკუთარი თვალით იხილონ ჩვენი წარსულის მნიშვნელოვანი კვალნი.
მოგზაურობის სულიერი ნაწილი წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მონახულებით გაგრძელდა. მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ჩვენი ქვეყნის სულიერ მემკვიდრეობას და კიდევ ერთხელ შეიგრძნეს რწმენის მნიშვნელობა ქართველი ერის ისტორიაში.
შემდეგი გაჩერება ისტორიული გონიოს ციხე იყო — უძველესი თავდაცვითი ნაგებობა, რომელიც საქართველოს წარსულის მრავალ მნიშვნელოვან ამბავს ინახავს. მოსწავლეებმა მოისმინეს გადმოცემა წმინდა მოციქულ მატათას წმინდა ნაწილების შესახებ და ისტორიული ძეგლის გარემოში კიდევ უფრო ახლოს გაეცნენ ჩვენი ქვეყნის მდიდარ წარსულს.
დღის დასასრულს ბავშვებმა ბათუმის ეთნოგრაფიულ მუზეუმს — „ბორჯღალოს“ — თავიანთი ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით ესტუმრნენ. მუზეუმის დამფუძნებელმა, ბატონმა ქემალ თურმანიძემ, პირადად უმასპინძლა მოსწავლეებს, ესაუბრა მათ და ქართული ყოფისა და ტრადიციების მრავალფეროვანი სამყაროს გაცნობაში დაეხმარა.
ამ დღეს ისტორია ცოცხალ გამოცდილებად იქცა, ლიტერატურა — შთაგონების წყაროდ, რწმენა — სულიერ საყრდენად, ხოლო სამშობლოს სიყვარული — იმ ღირებულებად, რომელიც თითოეული ბავშვის გულში უნდა იზრდებოდეს.
ჩვენი ისტორია ჩვენი ფესვებია, ჩვენი ენა — ეროვნული თვითმყოფადობის საფუძველი, ჩვენი კულტურა კი ის მემკვიდრეობაა, რომელსაც მომავალ თაობებს ვაბარებთ.
დიდი მადლობა III ბ კლასის მოსწავლეებს, კლასის ხელმძღვანელს, ქალბატონ ირმა ბებიასა და მშობლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. სწორედ ერთობლივი ძალისხმევით იქმნება ისეთი საგანმანათლებლო გამოცდილება, რომელიც ცოდნასთან ერთად ბავშვებს პასუხისმგებლობას, პატრიოტიზმსა და საკუთარი ქვეყნისადმი სიყვარულს უღვივებს.
ვზრდით თაობას, რომელმაც უნდა იცოდეს თავისი წარსული, დააფასოს აწმყო და ღირსეულად შექმნას საქართველოს მომავალი!