სიახლეები

          • ოსმალური რეფერენდუმი

          • დღეს გიმნაზიაში გაიმართა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა 1878 წლის ოსმალურ რეფერენდუმსა და ქობულეთის კრებას. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა იმ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების გააზრებასა და გაცოცხლებას, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ჩვენი რეგიონის ისტორიულ განვითარებაში.

            მოსწავლეებმა წარმოადგინეს ეპოქის ისტორიული ფონი, ისაუბრეს იმდროინდელ პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაზე და სცენურად გააცოცხლეს ქობულეთში გამართული ისტორიული კრება. წარმოდგენილმა ინსცენირებამ ნათლად წარმოაჩინა ის რთული არჩევანი და პასუხისმგებლობა, რომლის წინაშეც იმ პერიოდში ჩვენი მხარე და მისი საზოგადოება იდგა.

            ღონისძიების მთავარი მიზანი მხოლოდ ისტორიული ფაქტების გახსენება არ ყოფილა; იგი ემსახურებოდა მოსწავლეებში ისტორიული პროცესების სიღრმისეულ გააზრებას, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებასა და იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მნიშვნელობის აღქმას, რომლებიც ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში მონაწილეობდა.

            მადლობა ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს და ისტორიის პედაგოგს მარიამ ურუშაძეს

          • IIბ კლასი - ირმა ბებია

          • საკლასო პროექტი — „დედა — სიცოცხლის პირველი სიტყვა.

            კლასი: ll ბ

            კლასის ხელმძღვანელი: ირმა ბებია

            დედის დღესთან დაკავშირებით მე-2 ბ კლასში განხორციელდა საკლასო პროექტი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში დედისადმი მადლიერების, სიყვარულისა და პატივისცემის გაღრმავება.

            კვირის განმავლობაში მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობებში.

            გაკვეთილზე ვკითხულობდით და ვსწავლობდით დედაზე შექმნილ ლექსებს, ვსაუბრობდით დედის როლსა და მნიშვნელობაზე, ვუზიარებდით ერთმანეთს ემოციებსა და შთაბეჭდილებებს.

            მოსწავლეებმა წერილობით აღწერეს საკუთარი დედები — თუ როგორები არიან ისინი, რა უყვართ, რა ახარებთ, რა სწყინთ, რა ხდის მათ განსაკუთრებულს და რატომ არიან დედები ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები.

            ბავშვების გულწრფელმა და სითბოთი სავსე სიტყვებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დედის როლს თითოეული ბავშვის ცხოვრებაში.

            პროექტის დასასრულს მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს მისალოცი ბარათები და სიყვარულით გადასცეს დედებს. ეს იყო ემოციური და დასამახსოვრებელი მომენტი როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის.

            გიზიარებთ ამ თბილი დღეების ამსახველ სურათებს.

            დედა — ეს არის სიყვარული, რომელიც არასოდეს სრულდება.

             

          • IIა კლასი - სოფიო ოქროპირიძე

          • კლასი: llა

            კლასის ხელმძღვანელი: სოფიო ოქროპირიძე

            ძვირფასო დედებო,

            გილოცავთ დედის დღეს!

            თქვენ ხართ ჩვენი პატარების სიყვარული, ძალა და ყოველდღიური მაგალითი.

            გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს და მუდამ ბედნიერ შვილებს თქვენს გვერდით

            მადლობა იმ უსაზღვრო სიყვარულისთვის, რასაც ყოველდღე ჩუქნით მათ!

            თითოეულ ღიმილში,

            თითოეულ ნაბიჯში

            და თითოეულ წარმატებაში

            თქვენი შრომა და სიყვარული დგას…

          • Iბ კლასი - სალომე ანთაძე

          • დედის დღეს გილოცავთ!

            კლასი: l ბ

            კლასის ხელმძღვანელი: სალომე ანთაძე

            დედა ის ადამიანია, ვისითაც იწყება ჩვენი სამყარო. მისი სითბო, სიყვარული და ზრუნვა გვაძლევს ძალას, გვასწავლის სიკეთეს და გვიკვალავს გზას ცხოვრებაში. დედის თვალებში ვხედავთ უპირობო სიყვარულს, მის გულში კი – უსაზღვრო მოთმინებასა და თავდადებას.

            დედა ჩვენი პირველი მასწავლებელია, პირველი მეგობარი და ყველაზე ძლიერი საყრდენი. მისი სიტყვები გვამხნევებს, მისი ჩახუტება გვამშვიდებს, მისი რწმენა კი გვაძლიერებს!

            გილოცავთ დედის დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს და უსაზღვრო სიყვარულს.

          • Iა კლასი - მაია ყულეჯიშვილი

          • კლასი: l ა

            კლასის ხელმძღვანელი: მაია ყულეჯიშვილი

            გილოცავთ, დედიკოებო!

            მარტი- ყველაზე თბილი, საყვარელი, ტკბილი, უღალატო ადამიანის დღეა!

            პირველკლასელები დიდი სიყვარულით ემზადებოდნენ ამ დღისთვის, მასწავლებლის დახმარებით დაამზადეს მისალოცი ბარათები, უმღერეს დედიკოებს და გაახარეს!

            ღმერთმა დალოცოს პატარების და მათი დედიკოების სიცოცხლე!

          • IIგ კლასი - ნათია ღაღაიშვილი

          • ძვირფასო დედებო, გილოცავთ დედის დღეს!

            მადლობას გიხდით სიყვარულისა და მზრუნველობისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ავლენთ თქვენი შვილების მიმართ.

            თქვენი თანადგომა, მოთმინება და სითბო მნიშვნელოვანი საფუძველია მათი პიროვნული ჩამოყალიბებისა და მომავალი წარმატებისთვის.

            გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას თქვენი შვილების გვერდით.

            სიყვარულით, მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის II -გ კლასი დამრიგებელი ნათია ღაღაიშვილი.

          • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური

          • გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები. მესამე ტურში გადავიდა ჩვენი სკოლა-გიმნაზიის XII კლასის მოსწავლე, ელენე მართალიშვილი, რომელმაც ისტორიასა და  ქართულ ენასა და ლიტერატურაში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალურ ქულათა  50%-ზე მეტი და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის. ვულოცავთ ელენესა და მის პედაგოგებს, სოფიო რომანაძესა და შორენა შავიშვილს, ამ დიდი წარმატებას!

          • ბესარიონ გაბაშვილის ხსოვნას

          • 20 თებერვალს, ბესარიონ გაბაშვილის გარდაცვალებიდან 235 წლისთავთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილებაში გაიმართა ლიტერატურული საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასულიერო სკოლა-გიმნაზიის

            Xბ კლასის მოსწავლეებმა — გოგა შაქარიშვილმა, საბა გოგიტიძემ და დავით დოლიძემ — და პატივი მიაგეს პოეტის ხსოვნას.

            მოსწავლეებმა ისაუბრეს ბესარიონ გაბაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, წაიკითხეს მისი ლექსები და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მისი მემკვიდრეობის მნიშვნელობას ქართული კულტურისთვის.

            გულწრფელ მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს ჩართულობისა და პასუხისმგებლობისთვის. მათი მონდომება, პატივისცემა და სიყვარული ქართული სიტყვისადმი განსაკუთრებით დასაფასებელია და მაგალითია სხვა მოსწავლეებისთვისაც.

          • IIIგ კლასი - დამრიგებელი ირმა ოქროპირიძე

          • კლასი: მე-3 გ

            დამრიგებელი: ირმა ოქროპირიძე

            საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            მას შემდეგ, რაც მესამე კლასელებმა კლასგარეშე კითხვის ფარგლებში ინტერესით წაიკითხეს „პეპი გრძელწინდა“ და შეიყვარეს მისი თავგადასავლები, მათ გადაწყვიტეს საყვარელი გმირი სცენაზეც ენახათ. სწორედ ამიტომ დაესწრნენ ამავე სახელწოდების სპექტაკლს, რომელმაც ბავშვებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

            სცენაზე მათ იხილეს ცელქი, უშიშარი და საოცრად მხიარული გოგონა, რომელსაც აქამდე მხოლოდ წიგნის ფურცლებზე ხვდებოდნენ. ცოცხალმა თამაშმა, ფერადმა დეკორაციებმა და მხიარულმა ეპიზოდებმა პერსონაჟი კიდევ უფრო ახლობელი და რეალური გახადა.

            მოსწავლეებმა ინტერესით გაავლეს პარალელები ნაწარმოებსა და სპექტაკლს შორის, იმსჯელეს მსგავსებებსა და განსხვავებებზე და კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდნენ პერსონაჟების ხასიათებსა და ამბის მთავარ იდეებს.

            ეს დღე ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა — წიგნიდან დაწყებული მოგზაურობა თეატრის სცენაზე გაგრძელდა, ხოლო ბავშვები ახალი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით დაბრუნდნენ სკოლაში.

          • IIა კლასი - წიგნის ხმამაღლა კითხვის დღე

          • წიგნის ხმამაღლა კითხვის საერთაშორისო დღე ჩვენს სკოლა-გიმნაზიაში

            მასწავლებელი სოფიო ოქროპირიძე

            წიგნის ხმამაღლა კითხვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად , ჩვენი სკოლა-გიმნაზიის მეორე ა კლასის მოსწავლეებმა განსაკუთრებული, თბილი და შემეცნებითი აქტივობა მოაწყვეს. მოსწავლეები ერთმანეთს აცნობდნენ თავიანთ საყვარელ წიგნებს, ხმამაღლა კითხულობდნენ საინტერესო ამონარიდებს და ამავე დროს ერთობლივად განიხილავდნენ ლიტერატურულ პერსონაჟებსა და ისტორიებს.

            აქტივობის მიზანი იყო წიგნის სიყვარულის გაღვივება , კითხვის უნარების განვითარება და იმის შეგრძნება, რომ წიგნი საუკეთესო მეგობარია . ეს დღე სავსე იყო ბავშვური სიცილით , ინტერესით და ცოდნის მიღების სურვილით.

            ვამაყობთ ჩვენი პატარა მკითხველებით ,რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ კითხვა არის ცოდნის , წარმოსახვის და წარმატებისკენ მიმავალი ყველაზე ლამაზი გზა.

          • ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას

          • სკოლა-გიმნაზიის წარმატება ინტელექტუალურ თამაშში “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”

            ყოველწლიურად, პატრიარქის კურთხევით, იმართება ინტელექტუალური თამაში “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”, რომელშიც წარმატებით იასპარეზეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა.

            გიმნაზიის წარმომადგენელმა გუნდმა, მასწავლებელი ანნა გორგასლიძე, ღირსეულად შეასრულეს დაკისრებული დავალებები და ღირსეულ მეტოქეებთან – ჩოხატაურის გიმნაზიის მოსწავლეებთან – მეორე ადგილი დაიკავეს.

            მოსწავლეები გააგრძელებენ მონაწილეობას კონკურსის მომდევნო ეტაპზე, სადაც კვლავ წარმოაჩენენ საკუთარ ცოდნას, შემართებასა და თანაგუნდურ სულიერებას.

            ჩვენი სკოლა გულწრფელად ულოცავს გუნდს წარმატებულ გამოსვლას და უსურვებს მოსწავლეებს მომავალ ეტაპზე საუკეთესო შედეგებს.

          • ლიტერატურული ვიქტორინა - II კლასი

          • მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მეორე კლასელთათვის ჩატარდა ლიტერატურული ვიქტორინა კარლო კოლოდის უკვდავი ნაწარმოების — „პინოქიოს თავგადასავალი“ — მიხედვით.

            ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს II ა, ბ და გ კლასების მოსწავლეებმა, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ წიგნი, თამაში და სწავლა ერთად ნამდვილ სიხარულად შეიძლება იქცეს.

            ვიქტორინა გამოირჩეოდა საინტერესო, მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობებით, რომლებმაც სამივე კლასის მოსწავლეები გააერთიანა საერთო მიზნის ირგვლივ. ბავშვები დიდი მონდომებითა და სიხარულით ჩაერთნენ თითოეულ დავალებაში, გამოავლინეს ლიტერატურული ცოდნა, სისწრაფე, დაკვირვების უნარი და რაც ყველაზე მთავარია — გუნდური მუშაობის შესანიშნავი მაგალითი აჩვენეს.

            ღონისძიებას განსაკუთრებული სითბო და ხალისი შემატა მშობელთა ჩართულობამ. მათთან ერთად თამაში, მხარდაჭერა და გულშემატკივრობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სწავლა და სიხარული ასაკს არ სცნობს და რომ სკოლა არის სივრცე, სადაც ბავშვები, მშობლები და პედაგოგები ერთ დიდ, მეგობრულ ოჯახად ერთიანდებიან.

            ვიქტორინის დასასრულს მონაწილეები ჟიურიმ შეაფასა და ყველა გუნდი სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა. თუმცა, ამ დღის მთავარი გამარჯვებული მაინც მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და ერთობა იყო — ის ღირებულებები, რომლებიც ასეთი ღონისძიებების დროს ბუნებრივად ყალიბდება.

            დიდი მადლობა თითოეულ მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისთვის, მშობლებს — გულწრფელი ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის, და ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს დღე სითბოთი, ღიმილითა და დადებითი ემოციებით სავსე, დაუვიწყარ მოგონებად აქცია.

            დამრიგებლები:

            სოფიო ოქროპირიძე

            ირმა ბებია

            ნათია ღაღაიშვილი

          • ალილო

          • “ისევ გადაიშალა ჟამთა ბრუნვის ერთი ფურცელი, ისევ ინათა ვარსკვლავმა ბეთლემის თავზე და მოვიდა დიდებული დღე ქრისტეს შობისა. ანგელოზთა გუნდნი ისევ მოჰფენენ ნაცნობ ჰანგებს ცასა და ქვეყანას: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება...”

            ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზია გოლოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

          • IIგ კლასი - ხელმძღვანელი ნათია ღაღაიშვილი

          • ძვირფასო მასწავლებლებო, მშობლებო და მეგობრებო,

            მეორე კლასელები გულით გილოცავთ დამდეგ შობასა და ახალ წელს!

            გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერ დღეებს და ბევრ ღიმილს.

            ახალი წელი ყოფილიყოს წარმატებებით, სიყვარულით და კეთილი ამბებით სავსე.

            ჩვენ გპირდებით, რომ ახალ წელსაც მონდომებით ვისწავლით და კიდევ უფრო გავიზრდებით!

            სიყვარულით,

            II გ კლასელები

            დამრიგებელი : ნათია ღაღაიშვილი

          • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 9 -14 იანვარს ჩატარდება

          • 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 9 იანვრის 10:00 საათზე დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება. დეტალები მითითებულია მოსაწვევზე, რომლის ამობეჭდვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დღეიდან შეძლებენ ამ ბმულის გამოყენებით: https://online1.naec.ge/olimp/Login.aspx 

            მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ  I სესიაზე რეგისტრაცია დაიწყება 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება  - 10:00 საათზე. II სესიაზე რეგისტრაცია  - 14:30 საათზე, ტესტირება კი 15:00 საათზე დაიწყება. დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომლისთვისაც მოსწავლემ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას. 

            მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პასპორტი, დაბადების მოწმობა ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს ტესტირებამდე რეგისტრაციის გავლისას.

            ტესტირება ჩატარდება: 

             9 იანვარს:

            10:00 საათზე - ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ქართულ ენაში არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის;

            15:00 საათზე - ისტორიაში; 

             11 იანვარს:

            10:00 საათზე - მათემატიკაში;

            15:00 საათზე - ინგლისურ ენაში; 

             12 იანვარს:

            10:00 საათზე - ფიზიკაში;

            15:00 საათზე - გეოგრაფიაში; 

             13 იანვარს:

            10:00 საათზე - ქიმიაში;

            15:00 საათზე - გერმანულ ენაში;  

             14 იანვარს:

            10:00 საათზე - ბიოლოგიაში;

            12:30 საათზე - რუსულ ენაში (რეგისტრაცია დაიწყება 12:00 საათზე);

            15:00 საათზე - ფრანგულ ენაში.  

          • ხელსაქმის წრე

          • სკოლა-გიმნაზიაში წარმატებით ფუნქციონირებს ხელსაქმის წრე „მარჯვე ხელები“, ამჟამად მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო. ბავშვების მიერ შესრულებული, ალმასებით ქარგვის ტექნოლოგით შექმნილი, მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები.

            თითოეული ნამუშევარი გამოირჩევა სიზუსტით, ესთეტიკური გემოვნებითა და შემოქმედებითი მიდგომით, რაც ნათლად ასახავს მოსწავლეთა შრომისმოყვარეობასა და მხატვრულ უნარებს.

            წრის ხელმძღვანელი, ნინო ვერულიძე, მიზანმიმართულად უწყობს ხელს მოსწავლეებში ხელსაქმისადმი ინტერესის გაღვივებას, წვრილი მოტორიკის, მოთმინებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ წრის საქმიანობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება და დაგეგმილია ხელსაქმის სხვადასხვა მიმართულების შესწავლა, მათ შორის ქსოვა, ქარგვა, ძერწვა და სხვა ტექნიკები, რაც მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარების შესაძლებლობას მისცემს და მათ შემოქმედებით პოტენციალს კიდევ უფრო გაამდიდრებს!

          • სასკოლო ღონისძიება "შობის ანგელოზები"

          • 1977 წლის, 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII საეკლესიო კრებამ, 45 დელეგატის არჩევანით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 141-ე საჭეთმპყრობლად ერთხმად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი

            ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს აღსაყდრებიდან 48 წლისთავს.

            შევთხოვოთ ღმერთს, რომ წარგვიძღვეს წინ... რომ ქართული ეკლესიების ზარების რეკვა წინანდებურად ომისა და უბედურების მაცნე კი არ ყოფილიყოს ჩვენი ერისთვის, არამედ სარწმუნოების, სასოების, სიყვარულის, შრომისა და სიკეთის ზეიმისა“, -

            ამ დღესთან დაკავშირებით სკოლა- გიმნაზიაში გაიმართა სასკოლო ღონისძიება "შობის ანგელოზები”

            ზღვა ემოცია და დაუვიწყარი წუთები გვაჩუქა ჩვენმა აღსაზრდელებმა, მადლობა

            ჩვენო პატარებო, გვიყვარხართ და გვეამაყებით

            თუ საქართველო წმინდა ჯვარია, -

            ნატრობ, -სამოთხის კართან იყოსო...

            თქვენი სიცოცხლე ერს უხარია,

            მრავალჟამიერ, კათალიკოსო!

          • ტვინების ბრძოლა - ფინალი

          • 21 დეკემბერს "ტვინების ბრძოლის" ფინალური ტური გაიმართა, რომელშიც ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის სამი გუნდი მონაწილეობდა:

            "მწიგნობარი" (Vა კლასი, დამრიგებელი: თამარ ბარბაქაძე),

            "ათენა" (VIIIა კლასი, დამრიგებელი: სოფიო რომანაძე),

            "სიბრძნის ქარავანი" (XIა კლასი, დამრიგებელი: ზამირა მახარაძე),

            ფინალამდე გუნდებმა სასკოლო, საქალაქო და სარაიონო ტურები  წარმატებით გადალახეს და 3590 გუნდიდან საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეთა შორის ღირსეულად იასპარეზეს!

            სასკოლო საზოგადოების სახელით ვულოცავთ და მადლობას ვუხდით გუნდებს! 

            ფინლურ ტურში მონაწილე გუნდები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და ზამთრის ბანაკის ვაუჩერებით!

             

          • საშობაო იგავი

          • მესამე კლასში ბავშვებმა უყურეს ანიმაციურ ფილმს “საშობაო იგავი”. იგავმა მათ გააცნო სიკეთის, სიყვარულისა და ერთმანეთის დახმარების მნიშვნელობა. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით უყურეს და ემოციებით სავსე შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს. ასეთი გაკვეთილები ბავშვებს ადამიანურ ღირებულებებს ასწავლის და მათ გულებში სითბოსა და სიხარულს თესავს.